ხუთშაბათი, 2024-04-25, 12:19 PM
მთავარი
რეგისტრაცია
შესვლა
Мой сайт
მოგესალმები სტუმარი | RSS
საიტის მენიუ
სექციის კატეგორიები
თამაშები [78]
ფილმები [66]
მუსიკა [68]
პროგრამები [61]
Counter-Strike [27]
SuPeRNaTuRaLs [5]
გაკვეთილები [11]
ლიტერატურა [6]
მობილური [14]
ჩვენი გამოკითხვა
რომელი გუნდია ყველაზე უკეთესი?
სულ პასუხი: 218
სტატისტიკა

სულ ონლაინში: 1
სტუმარი: 1
მომხმარებელი: 0
შესვლის ფორმა
მთავარი » 2011 » აპრილი » 19 » Chabua Amirejibi – ჭაბუა ამირეჯიბი (1921)
4:47 PM
Chabua Amirejibi – ჭაბუა ამირეჯიბი (1921)

ნაწარმოებები:

დათა თუთაშხია / data tutashxia

ბიოგრაფია


ჭაბუა (მზეჭაბუკ) ირაკლის ძე ამირეჯიბი დაიბადა თბილისში 1921 წლის 18 ნოემბერს. დედა – მარიამ მიხეილის ასული ნაკაშიძე, ქალთა უმაღლეს კურსებდამთავრებული პედაგოგი – პირდაპირი შთამომავალი იყო აფხაზეთის, სამეგრელოს და გურიის მთავრებისა: შერვაშიძეებისა, დადიანებისა, გურიელებისა და ასევე – მიქელაძეებისა და ნაკაშიძეებისა.
მამა – ირაკლი გიორგის ძე ამირეჯიბი – ცნობილი ადვოკატი – ჩამომავალი ამირეჯიბებისა, მაღალაშვილებისა, ქარუმიძეებისა, ფავლენიშვილებისა, ჯოხთაბერიძეებისა.



თავად მწერალი ასე წერს "ავტოინტერვიუში” : "მამაჩემის თავადურ წარმოშობაზე თავად გვარი – ამირეჯიბი მიუთითებს. ეს საუკუნეების მანძილზე გვარად ქცეული მეფის სასახლის თანამდებობაა, შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილეს, დაზვერვისა და კონტრდაზვერვის უფროსს რომ შეესატყვისება. თანამდებობა საგვარეულო იყო, მემკვიდრეობით გადაეცემოდა და ყოველი ოჯახი, რომელიც ამ გვარს ატარებდა, პირდაპირ მეტოქეობდა, რათა თავისი ოჯახიდან მოემზადებინა კანდიდატი. ულმობელი კონკურენცია იყო, ამიტომ ყველა კანდიდატი ღირსეულ განათლებას იღებდა როგორც საქართველოში, ასევე ბიზანტიაში – აქედან მოდის გვარის წარმომადგენელთა ტრადიციული განათლებულობა. ბოლო ასი წლის მანძილზე ერთადერთი "ხეპრე” გვარში – თქვენი მონა-მორჩილია: ლიტერატურული ფაკულტეტის სამი კურსი მაქვს დამთავრებული. მესამე კურსზე უკვე მწერალთა კავშირის წევრი ვიყავი, ვიბეჭდებოდი და სწავლა მივატოვე”.
თბილისის 46-ე არასრული საშუალო სკოლის დამთავრების შემდეგ ჭაბუა შევიდა ამიერკავკასიის ელექტროტექნიკუმის რადიო ფაკულტეტზე, რომელიც დაამთავრა 1938 წელს, III რანგის სამხედრო რადიოტექნიკოსის წოდებით. 1939 წელს ჩაირიცხა თსუ იურიდიულ ფაკულტეტზე, ხოლო ერთი წლის შემდეგ გადავიდა ფილოლოგიის ფაკულტეტზე.



1941 წლის 23 ივნისს, ომის დაწყებიდან მეორე დღეს, პირდაპირ კალათბურთის მოედნიდან წაიყვანეს ჯარში. ჯერ ამიერკავკასიის სამხედრო-საჰაერო ძალების 203-ე ცალკე ასეულის რადისტ-ტელეგრაფისტია, შემდეგ კი გროზნოს აეროდრომის 26-ე ავიადივიზიის რადიოსადგურის უფროსი. ჩრდილოკავკასიის სამხედრო ოლქის შტაბის დერეფანში შორეული ნათესავი ნახა, ჩრდილო კავკასიის ფრონტის ფინანსური სამმართველოს უფროსი, რომელიც საინტენდანტო სამსახურში გადაისვრის, ტრანსპორტში. იმ დროს სპარსეთის ყურედან ირანის გავლით ამიერკავკასიაში მოკავშირეთა სამხედრო დახმარება იგზავნება – ავტომანქანები, შეიარაღება, ამუნიცია და 1903 წლის ქვასავით მაგარი, თეთრი ლობიოც კი. ერთი ასეთი კოლონის მეთაურის მოადგილე ხდება.
ამ დროისათვის ჭაბუა ამირეჯიბის დედ-მამა და ახლო ნათესავები რეპრესირებულები იყვნენ: მამა დახვრიტეს, დედა გადაასახლეს (დაბრუნდა 1942 წელს). მისი ბიძა შალვა ამირეჯიბი _ ცნობილი პოლიტიკური მოღვაწე, 1924 წლის აჯანყების პარიტეტული კომიტეტის წევრი, ქაქუცა ჩოლოყაშვილის მოადგილე პოლიტიკურ დარგში _ ემიგრაციაშია. ყოველივე ამის გამო ჭ. ამირეჯიბი სამხედრო სამსახურიდან დაითხოვეს, როგორც "არასწორად გაწვეული”.
თბილისში დაბრუნებულმა სწავლა განაგრძო თსუ-ში. იყო არალეგალური ანტისაბჭოთა ორგანიზაცია "თეთრი გიორგის” ერთ-ერთი დამაარსებელი და წევრი, 1943 წელს იგი დააპატიმრეს შეიარაღებული აჯანყების მზადების ბრალდებით და მიუსაჯეს 25 წლის პატიმრობა. მალე სასჯელი შეუცვალეს დახვრეტით. სიკვდილმისჯილთა საკანში იჯდა სამთვენახევარი, შემდეგ კვლავ შეუცვალეს განაჩენი 25 წლის პატიმრობით.
ისეთივე ტრაგიფარსულ ვითარებაში ამოჰყო თავი, როგორც 1849 წელს "პეტრუშევსკის საქმის” გამო სასიკვდილო ეშაფოტზე აყვანილი თედორე დოსტოევსკი – შეწყალებას რომ გამოუცხადებენ და სიკვდილს მთელი სიცოცხლის განმავლობაში კატორღად რომ შეუცვლიან.
დიდი კატორღელი, ფიოდორ დოსტოევსკი ასე დაწერს "დანაშაული და სასჯელის” ფურცლებზე: "იგი თავის კატორღელ ამხანაგებს უყურებდა და უკვირდა: იმათაც როგორ ჰყვარებიათ სიცოცხლე, როგორ დაჰკანკალებენ ზედ! სწორედ მაშინ მოეჩვენა, რომ პატიმრობაში უფრო უყვართ და აფასებენ, და უფრო მეტად უფრთხილდებიან სიცოცხლეს, ვიდრე თავისუფლებაში”.
ამ ვითარებამ შეიძლება კიდევ გაგვახსენოს ორი დიდი კატორღელი:
პირველი მათგანი ლეკთა ტყვეობიდან უშედეგოდ გაქცეული დავით გურამიშვილი არის:
”მამიყვანეს, არა ღირსთა ღირსეულად მიმსახურეს,
არც მასვეს და არც მაჭამეს, არც ჩამაცვეს, არც დამხურეს.
უსასყიდლოდ მიღებული გასასყიდად დამაშურეს.
გავიპარე, დამიჭირეს, რად წახველო, დამპაღურეს”.
ხოლო მეორე კი ალჟირის ფაშას ტყვეობაში მონად გაყიდული მიგელ დე სერვანტეს საავედრა გახლავთ, ოთხი ყოველწლიური გაქცევის ცდა უშედეგოდ რომ დაუმთავრდება, მაგარ-მაგარ როზგებსაც მიიღებს, შემდეგში მისიონერები გამოისყიდიან და ესპანეთში დაბრუნებულს კიდევ სამჯერ დაიჭერენ და სწორედ მესამე პატიმრობისას, სევილიის ციხეში ჩაიფიქრებს თავის "დონ კიხოტს”, რომლის მეორე წიგნის 58-ე თავში ასეთი სიტყვებიც არის: "-თავისუფლება, სანჩო, ესაა ერთ-ერთი ყველაზე უძვირფასესი განძი, რომელსაც ზეცა ანიჭებს ადამიანს: ვერავითარი სხვა საუნჯე, ვერც მიწის წიაღში დაფლული და ვერც ზღვის ფსკერზე დამალული, ახლოს ვერ მივა მასთან. თავისუფლების, ისევე როგორც ღირსების გულისათვის, შეიძლება თავი გასწიროს და კიდეც უნდა გასწიროს კაცმა. და, პირიქით, მონობაა ერთ-ერთი ყველაზე უდიდესი უბედურება, რაც შეიძლება თავს დაატყდეს ადამიანს”.



პატიმრობის მანძილზე სამჯერ გაიქცა. დახვრეტა მეორედაც მიუსაჯეს, რაც შემდგომ შეცვალეს და ახალი ვადა დაუმატეს. საერთო ჯამში, მას 83 წელი ჰქონდა მისჯილი. პატიმრობის დროს მონაწილეობდა ყარაგანდისა და ტაიმირის პოლიტპატიმართა აჯანყებებში, იყო ამ აჯანყებათა ორგკომიტეტის წევრი.
პატიმრობის 16 წელი გაატარა ყარაგანდის, კოლიმის, მორდოვეთის, ტაიმირის ნახევარკუნძულის, აღმოსავლეთ ციმბირის და შორეული აღმოსავლეთის ბანაკებში. იყო ტყის მჭრელი, ჩრ. ოსეთის სატყეო კომბინატის დამაარსებელი და დირექტორი (1945-47), ბელორუსიის სატყეო მრეწველობის სამინისტროს ტყის გადამამუშავებელი კომბინატის დამაარსებელი და დირექტორი (1947-50).
ჭაბუა ამირეჯიბი 1959 წლის დეკემბერში დაბრუნდა გადასახლებიდან.
ოჯახში არცთუ სახარბიელო ვითარება დახვდა: მამა ხომ 38-ში დაუხვრიტეს, დედას ათი წლის პატიმრობა მოუხდია სხვადასხვა ბანაკებში და დაბრუნებულა. მისი უმცროსი და, ნათია ამირეჯიბი დეიდებთან იზრდება. უფროსი და, როდამი მოსკოვში ცხოვრობს, ჩინებული პოეტის, მიხაილ სვეტლოვის ცოლია, ხოლო მისი სიკვდილის შემდგომ – ბრწყინვალე ფიზიკოსის, ბრუნო პონტეკორვოს მეუღლე. სწორედ ამ პერიოდის შესახებ შექმნის აგრეთვე კატორღელი და შესაშური ერუდიციის კრიტიკოსი, ოტია პაჭკორია თავის მშვენიერ ლიტერატურულ პორტრეტს "ჭაბუა და ბრუნო”. ქალბატონი როდამი მეორე ქმრის სიკვდილის შემდეგ თბილისში ბრუნდება, სადაც 77 წლისა განისვენებს კიდეც და დაუტოვებს ხსოვნას აღსრულებული ნათესაური ვალისას, რადგან დედამისსაც და ჭაბუასაც პატრონობდა პატიმართა ბანაკებში და მარტოდდარჩენილ უმცორს დას, ნათიასაც უვლიდა…



1970-74 წლებში საქართველო-აშშ ერთობლივი საწარმოს "ამსაქფილმის” დამაარსებელი და დირექტორი; ალმანახ "კინოს” დამაარსებელი და რედაქტორი, საქართველოს სახკინოს სარეკლამო-საინფორმაციო ბიუროს დამაარსებელი და დირექტორი (1969-72), კინოსტუდია "ქართული ფილმის” მეორე გაერთიანების დირექტორი (1972-76), კონოსტუდია "მემატიანეს” დირექტორი (1983-89), საქართველოს სახელმწიფო საბჭოს, შემდეგ პარლამენტის წევრი (1991-95), საქართველოს თავდაცვის ფონდის თავმჯდომარე (1992-95), ქართულ სულიერ ფასეულობათა დაცვის ასოციაცია "ივერიის” და გაზეთ "ახალი ივერიის” ერთ-ერთი დამფუძნებელი და გამგეობის თავმჯდომარე (1999). ჭაბუა ამირეჯიბმა სამწერლო მოღვაწეობა დაიწყო 1960 წელს, როცა ჟურნალ "მნათობში” გამოაქვეყნა მოთხრობა "რატომ არ დამაცადე”. იგი ავტორია მოთხრობების კრებულებისა "გზა”, "ძია შოთას ბადია”, "არაკების კრებული”, "თაფლის წვეთი”, არის მრვალი პუბლიცისტური წერილის, სცენარებისა და სტატიების ავტორი.
1972 წელს ჟურნალ "ცისკარში” დაიწყო ჭ. ამირეჯიბის პირველი რომანის "დათა თუთაშხიას” ბეჭვდა. იგი ითარგმნა მსოფლიოს მრვალ ენაზე. რომანი შოთა რუსთაველის სახელობის სახელმწიფო პრემიის მოსაპოვებლად წარადგინეს 1977 წელს, მაგრამ მაშინ ეს პრემია მწერალს არ მიენიჭა. 1978 წელს ავტორისვე სცენარით (გ. ლორთქიფანიძე და გ. გაბესკერია) გადაიღეს მრავალსერიანი მხატვრული ფილმი. 1981 წელს ჭ. ამირეჯიბს, როგორც სცენარის ავტორს, ფილმ "დათა თუთაშხიას” დამდგმელ კოლექტივთან ერთად მიენიჭა სსრკ სახელმწიფო პრემია კინემატოგრაფიის დარგში. ამავე წელს ჭ. ამირეჯიბს მიენიჭა საქართველოს სსრ უმაღლესი საბჭოს პრეზიდიუმის საპატიო სიგელი.
1995 წელს გამოაქვეყნა რომანი "გორა მბორგალი”. არის ჟურნალ "ზნამიას” (რომანისათვის "გორა მბორგალი”), რუსეთის უცხოური ლიტერატურის ბიბლიოთეკის პრემიის "ნაწარმოებისათვის, რომელიც აახლოებს ხალხებს” (1996), "თბილისის გაზაფხულის” დიდი პრიზის (1997) ლაურეატი, ხელოვნების დამსახურებული მოღვაწე (1985), ღირსების ორდენის კავალერი (1995), საქართველოს სახელმწიფო პრემიის ლაურეატი პუბლიცისტიკის დარგში (1999). არის საქართველოს მწერალთა და კინემატოგრაფისტთა კავშირების წევრი (1965), მსოფლიოს წამყვან "ინტელექტუალთა საზოგადოების” ერთ-ერთი დამფუძნებელი და წევრი (1998). მისი ბიოგრაფია შეტანილია კემბრიჯის (IBC, 1997) და აშშ (ABI, 1998) ბიოგრაფიულ ცნობარებში.
1994 წელს დაჯილდოვდა ღირსების ორდენით.
2001 წელს მიენიჭა თბილისის საპატიო მოქალაქის წოდება, 2002 წელს ვახტანგ გორგასლის პირველი ხარისხის ორდენი.



ჰყავს ექვსი შვილი, რაღა დასამალია და, სხვადასხვა ცოლებისგან. მიაჩნია, რომ ეს ბანაკებსა და თავისუფლებას შორის მიმოქცევის შედეგია, მაგრამ ღმერთმა იმით დააჯილდოვა, რომ, უკვე მეოთხე ათეული წელია, როგორც თავად ამბობს, ნამდვილ მეუღლესთან, პოეტ თამარ ჯავახიშვილთან ერთად ცხოვრობს სრულ თანხმობაში.
უფროსი ქალიშვილი მანანა ამირეჯიბი, პირველი გაქცევის ნაყოფი, მამის კვალზე წავა – მოთხრობებს წერს, იბეჭდება და მკითხველიც იცნობს. მომდევნო ქალიშვილი, მეორე გაქცევის ნაყოფი, დედისა და პაპის კვალზე წავა – იურისტი გახდება, მერე კი რუსეთის ფედერაციაში საქართველოს საელჩოს თანამშრომელია.
შემდეგ თავისუფლებაში გაჩენილი შვილები მოდიან, ოთხი ბიჭი.
უფროსი, ირაკლი ამირეჯიბი აფხაზეთის ომში იბრძვის, სადაც გმირულად დაიღუპება – ერთ ჟურნალისტს აეფარება წინ, გადაარჩენს – რისთვისაც ვახტანგ გორგასლის პირველი ხარისხის ორდენი მიენიჭება სიკვდილის შემდეგ.
მომდევნო, ლაშა მოქანდაკეა. ისიც აფხაზეთშია ნაომარი.
მესამე, ქურციკი – კინორეჟოსორ-ოპერატორია, ესეც ომის მოინაწილეა და მამამისზე გადაღებული საინტერესო დოკუმენტური ფილმის ”მარბენალი”-ის ავტორი.
მეოთხეს ბიოლოგიის ფაკულტეტი აქვს დამთავრებული – ისიც ნაომარია აფხაზეთში.
ჰყავს ხუთი შვილიშვილი, სამი შვილთაშვილი.




                                        

კატეგორია: ლიტერატურა | ნანახია: 2343 | დაამატა: shoke@irakli | რეიტინგი: 0.0/0
სულ კომენტარები: 0
სახელი *:
Email *:
კოდი *:
ძებნა
მინი-ჩეთი
კალენდარი
«  აპრილი 2011  »
ორსამოთხხუთპარშაბკვ
    123
45678910
11121314151617
18192021222324
252627282930

| Copyright MyCorp © 2024 | Free web hosting - uCoz |